Wednesday, June 8, 2011

მობილური და ჯანმრთელობა

    მობილურ ტელეფონს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, მაგრამ მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. დისკუსიას მობილური ტელეფონების მავნებლობის შესახებ ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუცვლელი აპარატები არსებობის მესამე ათწლეულს ითვლის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის საკითხი ჯერაც ბურუსით არის მოცული. ზოგჯერ ტელეფონებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ტვინის კიბოს გაჩენაშიც კი ადანაშაულებენ. მეცნიერული კვლევები ამგვარ კავშირს ვერ ადასტურებს, თუმცა, ჯანმრთელობაზე მათ რაიმენაირ გავლენასაც არ გამორიცხავს. ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, მომხმარებლებს უწევთ ან გაურკვევლობასთან შეგუება, ან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა”-ს პრინციპით მოქმედება, მაგრამ მათი „სიფრთხილეც” ნახევრად ბრმაა. რადგან ბუნდოვანია, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე მობილური ტელეფონი და როგორ, ბუნდოვანია უსაფრთხოების ზომებიც.
     მობილური ტელეფონი მუშაობის პროცესში გამოასხივებს გარკვეული სიხშირის ტალღებს, რომელთა მეშვეობითაც სხვა ტელეფონებთან კავშირი მყარდება. ადამიანის ორგანიზმზე ამ გამოსხივების ეფექტის შესასწავლად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონები იხარჯება. Interphone Study Group-ის მიერ ჩატარებულ ოთხწლიან კვლევაში 13 ქვეყანაში მცხოვრები თავის ტვინის კიბოთი დაავადებული 5000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა 2004 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონების მომხმარებლებში თავის ტვინის კიბოს გაჩენის რისკი არ აღემატება არამომხმარებელთათვის არსებულ რისკს. იგივეს ადასტურებს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დაკვირვებები და სტატისტიკური გათვლები, რომელიც 10 000 ადამიანზე ჩატარდა შვედეთსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მობილურებს უკვე წლობით ინტენსიურად იყენებდნენ. მკვლევარები ამით არ კმაყოფილდებიან - მათ 30-წლიანი პროექტიც კი აქვთ დაგეგმილი, რომელშიც 250 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
   მეცნიერების აზრით თუ დასხივების დოზა დიდია, შესაძლოა, ორგანოები გადახურდეს, რაც შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. ამის გამო შემუშავებულია სტანდარტი, რომელიც ზედა ზღვარს აწესებს ტელეფონის გამოსხივების სიმძლავრეზე. მსხვილი მწარმოებლები ამ სტანდარტს მკაცრად იცავენ და მათი პროდუქციისგან მიღებული გამოსხივების ენერგია თითქმის ათჯერ ნაკლებია ზღვრულად დასაშვებზე
   მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული ენერგია იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შორს იმყოფება აპარატი სადგურებისგან. რაც უფრო „ცუდად იჭერს”, მით ინტენსიურად ასხივებს ტელეფონი. ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური სადგურებისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც სიგნალი მუდმივად სუსტია. თუმცა, ამ ეფექტის შემცირებაც ადვილია, თუ ტელეფონს თავისგან მოშორებით დავიჭერთ, რის საშუალებასაც დისტანციური გარნიტურით აღჭურვილი აპარატები იძლევა.
    საბოლოოდ არც ერთ კვლევას არ შეაქვს სიცხადე მობილური ტელეფონების მავნებლობის საკითხში. საეჭვოა, ჰიპოთეტური საფრთხის გამო ამ ნივთის გამოყენებაზე ბევრმა თქვას უარი; მით უფრო, რომ ადამიანებს ხშირად არც დადასტურებული საფრთხე აჩერებს. თამბაქოს მავნებლობის ამბავი ხომ აღარ არის საიდუმლო, მოწევის საწინააღმდეგო უამრავი პიარკამპანიაც ტარდება, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც კოლოფს კოლოფზე ცლის.

წყარო:www.tabula.ge

No comments:

Post a Comment